Poems

ჟესტების ენა

სიმღერამ რეფრენი გაშალა და ცას მიაშურა
მე მარტო დავრჩი,
ისიც კი აღარ მყავს - ახალშებურტყლული,
ყვითელღინღლიანი - „ლალა ლალალა“.
ჰაერის პლასტელინს ვგორგლავ და ვაბრტყელებ
და სიტყვებს ვძერწავ,
აქამდეც დიდად არ გესმოდა
გაიგებ ვერც ამ
ხელებით ცეკვის
ფარულ მიზეზებს.
რკინის კოღოებს ვიგერიებ
და ჰაერის ამ უხეშ ჯაგნარს
ნაიარევი ხელებით ვგლეჯ -
ადრე სიმღერის ერთი ფრაზაც რომ სხეპდა...
 
სიმღერამ რეფრენი გაშალა და ცას მიაშურა
მე მარტო დავრჩი.