იმიტომ
რანაირი სიტყვაა „იმიტომ“
თითქოს რეზინის ბურთია,
რომელსაც კბილები უნდა მოუჭირო
როცა კითხვებით მუცელს გიჭრიან
გაუყუჩებლად.
რანაირი სიტყვაა“ – თან პასუხია, თან პირიქით
და კითხვასაც, როგორც გემის გეზს, ვერ შეაბრუნებ.
სიტყვა კი არა, თითქოს სხვა ქვეყნის საზღვარია –
სადაც ზეთისხილის ბაღი შრიალებს,
ქაფქაფა რძით იცინიან ცელქი გოგონები,
საზამთროს ღიმილები – ყურებამდე,
ქალები-გარუჯული მკლავებით,
კაცები-კისერზე შემოსმული ბავშვებით...
დაუფიქრებლად მათ ზღვაში ხტები –
იქნებ ვინმემ გადაგარჩინოს
რომელიმე ბადეს ამოჰყვე...
რანაირი სიტყვაა „იმიტომ“
ბავშვობის ყველა თამაში ერთად –
გადაახტე საკუთარ ძარღვებს,
გააშეშო შეგრძნებები,
ისე დაიმალო, დაიკარგო,
ისე დაიხუჭო – დაბრმავდე..
რანაირი სიტყვაა „იმიტომ“
ხმოვნის სახრჩობელაზე ჩამოკონწიალებული
თანხმოვნები –
შენი პასუხი ყველა ჩემს კითხვაზე,
ღმერთო.